მსოფლიოში სულ რამდენიმე მაღალმთის კვლევითი ცენტრია (მაგალითად ავსტრიაში, საფრანგეთში, იტალიაში, აშშ-ში), რომლებიც მრავალი ათეული წელია უწყვეტად საქმიანობენ. მათ შორისაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტი. ამ ცენტრების სამეცნიერო კვლევები განსაკუთრებით ფასეულია ხანგრძლივი მონიტორინგისა და შედარებითი ანალიზის მხრივ.
სტეფანწმინდის ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტში ფიტოეკოლოგიურ კვლევები 2007 წლიდან ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მაღალმთის ეკოსისტემების კვლევის პროგრამით.
მაღალმთის ეკოსისტემების კვლევა გლობალური მეცნიერული და პოლიტიკური პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ამიტომ საქართველოს მაღალმთის ეკოსისტემების კომპლექსური კვლევა ყველა აქტუალური მიმართულებით ხორციელდება:
ყაზბეგის რეგიონი, რომელიც ცენტრალური კავკასიონის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, დიდი კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, მდებარეობს, ბოტანიკური და ეკოლოგიური კვლევების ტრადიციული სამოდელო ობიექტია. მისი ბოტანიკური კვლევა ჯერ კიდევ 1770 წელს დაიწყო ცნობილი შვეიცარიელი ნატურალისტის ჟ. გულდენშტადტის მიერ.
მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დაარსებამდე (1933 წ.), კერძოდ, 1928 წლიდან ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ანა ხარაძის ხელმძღვანელობით დაიწყო ყაზბეგის რეგიონის მაღალმთის ფლორის სისტემატური კვლევა (აგრობოტანიკური დარუკება, ჰერბარიუმის შექმნა, ახალ სახეობათა აღწერა, ფლორისტულ ნუსხაზე მუშაობა).
1969 წლიდან აკადემიკოს ნიკო კეცხოველის ინიციატივით მწყობრში ჩადგა ყაზბეგის მაღალმთის ეკოლოგიური სადგური. მის ბაზაზე მიმდინარე კვლევები განსაკუთრებით გააქტიურდა და გაღრმავდა ინსბრუკის უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტთან მჭიდრო სამეცნიერო თანამშრომლობის შედეგად. სწორედ ამ პერიოდში, 70-იანი წლების ბოლოდან 90-იან წლებამდე, პროფესორ გია ნახუცრიშვილის ხელმძღვანელობითა და ავსტრიელი კოლეგების ქმედითი ხელშეწყობით ჩამოყალიბდა ქართული მაღალმთის ეკოლოგიური სკოლა და კვლევებმა საერთაშორისო ხასიათი და აღიარება მიიღო.
გაიმართა არაერთი საერთაშორისო კონფერენცია და სამუშაო შეხვედრა, განხორციელდა ბოტანიკური ექსპედიციები და ეკოლოგიური პროექტები, გამოქვეყნდა სტატიები და დაიბეჭდა წიგნები.
1994 წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და გერმანიის მთავრობის (BMZ) მიერ უკვე მოძველებული შენობის საფუძვლიანი რეკონსტრუქციის შედეგად დაარსდა ყაზბეგის ეკოლოგიური განათლების რეგიონული ცენტრი. 2007 წლიდან ყაზბეგის მაღალმთის ეკოლოგიური სადგური ბოტანიკის ინსტიტუტთან ერთად შეუერთდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და ჩამოყალიბდა სტეფანწმინდის ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტი.