სმიტონის სახელობის საგანმანათლებლო სტიპენდია 4-წლიანი სრული დაფინანსების შესაძლებლობაა აბიტურიენტებისთვის, რომლებიც პროფესიად სამოქალაქო ინჟინერიას ირჩევენ და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამოქალაქო ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე განაგრძობენ სწავლას.
სტუდენტმა სტიპენდიის მოსაპოვებლად აუცილებელია წარმატებით გაიაროს შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრება, ხოლო ეროვნული გამოცდების მესამე სავალდებულო საგანში (მათემატიკაში ან ფიზიკაში) მიღებული ქულა უნდა აღემატებოდეს 50%-ს. კანდიდატი აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხული უნდა იყოს პირველი პრიორიტეტით.
სტიპენდია გაიცემა სემესტრულად აკადემიური მოსწრების საფუძველზე და უქმდება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის საშუალო ქულა 81-ზე ნაკლებია ან უწყდება სტატუსი.
სტიპენდია, რომელიც დაარსდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ინიციატივით, მიზნად ისახავს სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით კვალიფიციური კადრების აღზრდას.
სტიპენდია ატარებს ბრიტანელი ინჟინრის, ჯონ სმიტონის, სახელს, რომელიც ცნობილია როგორც სამოქალაქო ინჟინერიის მამა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების ავტორი.