2024 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააფუძნა „ადიქციის კვლევების“ სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულისა და მკვლევრის, სვანეთში ტრაგიკულად დაღუპული არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტუდენტური სტიპენდია.
სტიპენდიის მოპოვებას ყოველწლიურად შეძლებენ ილიაუნის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები საქართველოს მთიანი რეგიონებიდან, მათ შორის სვანეთიდან, რომელთანაც არჩილს განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდა.
არჩილ ბადრიაშვილი მსოფლიოში აღიარებული ახალგაზრდა ალპინისტი იყო. მის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ალპინისტური მარშრუტი და გაუკვალავ მწვერვალებზე პირველასვლა, რისთვისაც იგი დაჯილდოებულია ალპინიზმის „ოსკარად“ წოდებული ოქროს წერაყინით.
არჩილი გამორჩეული ავტორია, რომელმაც ქართული ალპინიზმის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მიღწევები გააცნო მსოფლიოს ცნობილი საერთაშორისო ალპინისტური ჟურნალებისა და გამოცემების მეშვეობით.
2024 წელს სტიპენდია მიიღო ნატალი ჯაჯვანმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის მეორეკურსელმა.